среда, 18 марта 2015 г.

Автор: ნინო აბულაძე (ისტორიის მასწავლებელი)



რუსეთ-საქართველოს ომი .. 1921 წელი 
,,ისინი იცავდნენ საქართველოს "....

    ვუძღვნი 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვისათვის მიმდინარე ომის მონაწილეთა ხსოვნას.
                                                              მიხეილ ბახტაძე

ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა
                                                                                                                   მათე 5.10



      1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი XX საუკუნეში ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, თუმცა ამავე დროს გმირული ფურცელია. ქართულ ისტორიოგრაფიაში მრავალი სამეცნიერო ნაშრომი ეძღვნება აღნიშნულ მოვლენას, მაგრამ  მათში ძირითადად რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობასთან დაკაშირებული პოლიტიკური საკითხებია განხილული და ძალიან ნაკლები ყურადღება ექცევა უშუალოდ საომარი მოქმედებების აღწერას. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში განხილული კი იყო ამ ომის სამხედრო მოქმედებები (თბილისის ოპერაცია, ბათუმის ოპერაცია და სხვ.), მაგრამ სრულიად გასაგები მიზეზების გამო  საკმაოდ ტენდენციურად. 2009 წელს ჩვენ გამოვეცით პატარა ნაშრომი - `ბრძოლა თბილისის დაცვისათვის 1921 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს~ - რომელშიც მოკლედ შეცეხეთ 12-17 თებერვლის ბრძოლებს და ძირითადი ყურადღება 18-25 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან მიმდინარე ბრძოლებს დავუთმეთ. საერთოდ არ შევხებივართ 25 თებერვლის შემდგომ განვიტარებულ მოვლენებს. ამჯერად ჩვენ შევეცადეთ უფრო დაწვრილებით განგვეხილა 12-17 თებერვლის ბრძოლების პერიპეტიები და მოკლედ შევხებოდით თბილისის დატოვების შემდეგ მიმდინარე ბრძოლებსაც. წინა ნაშრომზე მუშაობისას მხედველობიდან გამოგვრჩა სხვადასხვა წყაროებსა თუ სამეცნიერო ნაშრომში არსებული რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია, რომლებიც ცხადია კარდინალურად არ ცვლიან სურათს, მაგრამ გარკვეული საკითხების დაზუსტებას უწყობენ ხელს. ამჯერად ეს ხარვეზი გამოვასწორეთ. შესწორებულია რამდენიმე უზუსტობაც, რომელიც აფხაზეთში საბჭოთა რუსეთის მე-9 არმიის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლას ეხებოდა.