1921 წლის 14-16 თებერვალი

                                            14 თებერვალი

  14 თებერვალს მოწინააღმდგემ გენერალ ჯიჯიხიასა და გენერალ სუმბათაშვილის ნაწილებზე შეტევა განაახლა. ამ უკანასკნელმა მდ. ხრამისკენ დაიხია. მტერმა დაიკავა სადახლო. გენერალმა ჯიჯიხიამ, ნახა რა, რომ ყოველი მხრიდან მოწინააღმდეგე იყო, თავადაც მდ. ხრამისკენ უკანდახევა დაიწყო.
ამ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის წარმატებამ თავის მხრივ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო იმნაძისა და ჩხეიძის შენაერთები, რომლებსაც ფაქტობრივად მარცხენა ფრთა მოეშალათ. საერთო ვითარებიდან გამომდინარე მათ დატოვეს პოზიციები მდ. ძორაკეტზე და ეკატერინენფელდის (ბოლნისი) მიმართულებით დაიწყეს დახევა.
გენერალური შტაბის 15 თებერვლის ინფორმაციით, `თებერვლის 14-ს სადახლოს რაიონში სროლა და მზვერავთა მოქმედება იყო. ამ რაიონში მოწინააღმდეგეს აქტივობა არ გამოუჩენია. ლორეს ველზე მტერი სცდილობდა შემოტევაზე გადმოსვლას, მაგრამ ჩვენი ჯარების ცეცხლმა მისი ცდა უშედეგოდ დასტოვა. ღამით ამ რაიონში ჩვენი ჯარები უფრო შეჯგუფდნენ. ვორონცოვკის ჩრდილოეთით მებარე სიმაღლებზე არტილერიის რაზმმა, რომლის შესახებაც თებერვლის 12 არავითარი ცნობები არ გვქონდა და რომელიც შიხინის რაიონში დაღუპული გვეგონა, ირგვლივ მტრის მიერ შემოხვეულმა გაიკაფა გზა და მთის ბილიკებით წამოვიდა ჩვენებთან შესაერთებლად~ . გენერალური შტაბის როგორც ამ, ისე სხვა ინფორმაციებიდან აშკარად ჩანს, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა ან მართლაც არ ფლობდა რეალურ ინფორმაციას და სიტუაციას ვერ აკონტროლებდა, ან საგანგებოდ (მაგ. პანიკის გამოსარიცხად) იძლეოდა შელამაზებულ ინფორმაციას.
ქართული შენაერთების თავდაპირველ არა სწორ დისლოკაციას, პირველი ორი დღის მანძილზე დაშვებული შეცდომებიც დაემატა. აკაკი კვიტაიშვილი მიმოიხილავს რა ოდიშელიძის მიერ, ემიგრაციაში წასვლის შემდეგ სტამბულში გაკეთებულ მოხსენებას 1921 წლის ომის შესახებ, წერს `თვით გენერალ ოდიშელიძის მოხსენებაში ვხედავთ, რომ მან გაშლა-დაჯგუფება მოახდინა არა სწორად. იგი ლაპარაკობს – რომ დროზე მოსულიყვნენ მე-10 და მე-4 ქვეითი ათასეულები შიხინსა და სადახლოს, `დოყლაპიობას~ ლიკვიდაცია გაუკეთდებოდაო. გენ. ოდიშელიძის აზრი ჩვენი ჯარის მოქმედებაზე სწორია, მაგრამ ამ აზრის გატარებაში ის სრულიად არ იჩენს სათანადო ენერგიას.~
15 თებერვალი
ვითარების გამოსწორება ვერ ხერხდებოდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ როგორც გენერალი მაზნიაშვილი იგონებს, გენერალ ოდიშელიძეს გულწრფელად ეგონა, `რომ მართლა მხოლოდ სომხების ურდოები დაგვესხნენ თავს~.  ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა აკაკი კვიტაიშვილის ცნობა, რომ `15 თებერვალს ფოილოს კოლონამ შეამჩნია რუსის ჯარების მოძრაობა წითელი ხიდის მიმართულებით. შემჩნეულ იქნა ფოილოს წინააღმდეგ რამდენიმე ბატარეა საომარ პოზიციებზე. კოლონის უფროსი დაელაპარაკა პირდაპირი მავთულით მთავარსარდალს – მტერი ამაღამ აუცილებლად გადმოვა შეტევაზე. ნება მოგვეცით ხიდი ავაფეთქოთო. გენერალმა ოდიშელიძემ უპასუხა – ჩვენ ვიმყოფებით მეგობრულ განწყობილებაში საბჭოთა რუსეთთან. დაუშვებელია ჩვენი მხრიდან მტრული მოქმედება. ერიდეთ პროვოკაციას~.   საქმის რეალური ვითარება არც ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იცოდა. 15 თებერვალს დამფუძნებელი კრების დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ განაცხადა, `მოქალაქენო! განმეორდა 1918 წლის ამბავი. სომხეთი კვლავ ვერაგულად თავს დაგვესხა ... ერევნის ეხლანდელი მთავრობა დღევანდლამდის სდუმს და სცდილობს ქვეყანას ამცნოს, რომ აქ ომი კი არა ადგილობრივი გლეხთა აჯანყებააო. მაშ ვისია ჩვენი ჯარების წინ მდგომი ცხენოსანი და ქვეითი პოლკები, არტილერია და ტყვიისმფრქვეველები? ვინ მოიყვანა სომეხ-რუსების რეგულარული ნაწილები ბორჩალოს მაზრაში? ... ერევნიდან ახლავე სთხოვენ რუსეთს შველას და მფარველობას, მაგრამ ჩვენ გვაქვს ოფიციალური განცხადება რუსეთის წარმომადგენლისა, რომ მოსკოვი ამ საქმეებში არ ერევა, რომ ის გადაჭრით სდგას 7 მაისის ხელშეკრულების  ნიადაგზე. ერევანს დარჩა ერთადერთი ბაქო, სადაც დიდი გავლენით სარგებლობენ საქართველოდან გაქცეული ქართველი ბოლშევიკები, თავისი ხალხისა და ერის აშკარა მოღალატენი, ერევნის ავანტიურის წამქეზებელნი~.  მთავრობის თავმჯდომარის ეს სიტყვა ვითარებაში გაურკვევლობისა და პოლიტიკური გულუბრყვილობის კლასიკური ნიმუშია.
15 თებერვალს ლენინმა ოფიციალურად გასცა მითითება ჰეკერისადმი, რათა მე-11 არმიას საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაეწყო.
15 თებერვალს ღამე საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ: მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე, გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე, გვარდიის შტაბის უფროსი ვალიკო ჯუღელი, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, გენერალი გიორგი კვინიტაძე, გრიგოლ ლორთქიფანიძე, ბენია ჩხიკივიშვილი და სხვ. შექმნილი მდგომარეობის შესახებ მოხსენება გააკეთეს გენერლებმა ოდიშელიძემ და ზაქარიაძემ. მათი ინფორმაცია საკმაოდ ზოგადი იყო. არ იცოდნენ არც შენაერთების ზუსტი ადგილსამყოფელი და არც მათი მდგომარეობა. არსებული ვითარების მიმოხილვისას ერთადერთი რაც გაირკვა იყო ის, რომ გენერალი გედევანიშვილი ნებართვას ითხოვდა შენაერთები მდ. ხრამის მარცხენა ნაპირზე გადაეყვანა. სარდლობას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული. მთავარსარდალი ფიქრობდა, რომ ჯარი მდ. ხრამის სამხრეთითა და შულავერის ჩრდილოეთით გამავალ ხაზზე უნდა გამაგრებულიყო. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გენერალი კვინიტაძე წერს, `ტაქტიკურად, ჯარის ამ ხაზზე გადაყვანა აბსურდი იყო. აკადემიაში სწავლის დროს ოფიცერს მომავალ სამხედრო მოქმედებათა ამგვარი გეგმა რომ შემოეთავაზებინა, უმალ გაირიცხებოდა სასწავლებლიდან~. ნოე რამიშვილმა მოსაზრება გამოთქვა, რომ ფოლილოსა და წითელი ხიდების რაიონში შექმნილიყო ძლიერი დაჯგუფება, რომელიც ყაზახის გავლით მოწინააღმდეგეს ზურგში დაარტყამდა. ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი იყო. ფოილოსა და წითელი ხიდების რაიონში არ არსებობდა სათანადო რაოდენობის ჯარი. ასეთი დაჯგუფება რომც შექმნილიყო მას მოუწევდა მდ. მტკვრის გადალახვა მაშინ, როდესაც მეორე ნაპირზე მტერი იქნებოდა განლაგებული. გენერალ კვინიტაძის კითხვაზე, თუ რა საშუალებებით უნდა მომხდარიყო ჯარის მიერ მდინარის გადალახვა, მთავარსარდალმა უპასუხა, `ერთი ბორანი მაქვსო~. `ერთი ბორანით ჯარს მტკვარზე კი არა, კუკიიდან ვერაზე ვერ გადაიყვანთ, მითუმეტეს, როდესაც მოპირდაპირე ნაპირი  მოწინაარმდეგის ხელშია~, შენიშნა გენერალმა კვინიტაძემ. სხდომაზე კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ ე.წ. `ფოილოს ჯგუფის~ უფროსად გენერალი კვინიტაძე დაენიშნათ, მიხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ნოე რამიშვილის გეგმის წინააღმდეგი იყო . თუმცა ფოილოს ჯგუფის შექმნა რეალურად არავის არც უცდია.

                                                16 თებერვალი

16 თებერვალს წითელი და ფოილოს ხიდების მიმართულებაზე საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ დაიწყო, თბილისში დაბადებული ჰეკერის მეთაურობით (არმიის შტაბის უფროსი იყო რემეზოვი. სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრები შალვა ელიავა, ვესნიკი, კარაევი). საინტერესოა, რომ საქართველოს დაპყრობის სამხედრო გეგმის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა ხელისუფლების მხარეზე გადასული, მეფის ყოფილი გენერალი, ალექსანდრე გიორგის ძე გაბაევი იგივე გაბაშვილი.
წითელ ხიდთან მდგომა გურიის ბატალიონის ერთმა ასეულმა ცხადია სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. მოწინააღმდეგემ ხიდი დაიკავა და ჯავშანმანქანების მხარდაჭერით შეტევა განაგრძო. განადგურდა დასახმარებლად მოსული გურიის ბატალიონის დანარჩენი ასეულებიც. წითელ ხიდზე ბრძოლის დაწყებისთანავე სოფელ სარვანში დისლოცირებული გვარდიის თბილისის მე-3 ბატალიონი გურიის ბატალიონის დასახმარებლად დაიძრა, მაგრამ რადგან საბრძოლო მოქმედებების ადგილს 25 კმ-ით იყო დაცილებული ძალიან დააგვიანდა. ამასობაში მოწინააღმდგემ მდ. ხრამიც გადალახა და ჩასაფრებაც მოასწრო. მე-3 ბატალიონი ამ ჩასაფრებასთან ბრძოლაში განადგურდა. მდ. ხრამთან მიმდინარე ბრძოლის დროს მე-3 ბატალიონის დასახმარებლად გვარდიის თბილისის 1-ლი ბატალიონი დაიძრა სოფელ ობელიანოვკიდან. მართალია 1-ლმა ბატალიონმა მე-3-ის გადარჩენა ვეღარ შეძლო, მაგრამ მტერს შეუტია და უკან დაახევინა. მოწინააღმდეგე მდ. ალგეთს გადავიდა. მას კვალდაკვალ მიჰყვნენ ქართველი გვარდიელები. მიხედავად იმისა, რომ წითელი კავალერია ბატალიონის მარჯვენა ფრთას უვლის, ბატალიონი უკან არ იხევს და ბრძოლას განაგრძობს. ბატალიონის მეთაურმა ისიც შეძლო, რომ მცირე ჯგუფი მდ. მტკვარზე ბორნის გასაფუჭებლად გაგზავნა, რათა მტერს, მდინარე არ გადაელახა და ფოილოს ხიდის დამცველებს ზურგში არ მოქცეოდა. დაღამებისასა ბრძოლა შეწყდა. შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, ბატალიონი ფაქტობრივად ალყა შემორტყმული იყო, მეთაურმა იაღლუჯასაკენ დახევის გადაწყვეტილება მიიღო.
წითელი ხიდის დაკარგვამ უმძიმეს ვითარებაში ჩააგდო მდ.ხრამის მარცხენა ნაპირზე გამაგრებული სუმბათაშვილისა და ჯიჯიხიას ნაწილები. მტერი მათ მარცხენა ფლანგზე და ზურგში მოექცა. გენერალმა სოსო გედევანიშვილმა ნაწილები მიატოვა, სარდლობა გენერალ სუმბათაშვილს გადააბარა და თავადა თბილისში წამოვიდა. მდ.ხრამზე მდგომი ნაწილები იძულებული გახდნენ სარდარასაკენ (მარნეული) დაეხიათ .
ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფოილოს  სარკინიგზო ხიდს. რუსები ცდილობდნენ ხიდი დაეკავებინათ და ქართველებისთვის მისი აფეთქების საშუალება არ მიეცათ. ხიდის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა მე-11 არმიის ხუთი ჯავშანმატარებელი (#7, 94, 5, 77, 61). ქართველი მესანგრეების მიერ წინასწარ დანაღმული იყო ხიდის თავი (ხიდის მხოლოდ ნახევარი ეკუთვნოდა საქართველოს. კვინიტაძე წერს, რომ ომის წინ მშვიდობიანი მოლაპარაკების დროს მოწინააღმდეგემ ხიდის ნაწილის განაღმვას მიაღწია და რადგან ხიდის ბოლოში მოწინააღმდეგის საგუშაგო კოშკი იყო, ჩვენ მხოლოდ ნახევარი ხიდის დანაღმვა შევძელით) და იერიშის დაწყებისთანავე ქართველებმა ხიდი ააფეთქეს. საპასუხოდ რუსების ჯავშანმატარებლებმა საველე ბატარეებმა და მძიმე არტილერიამ ქართველი გვარდიელების პოზიციების დაბომბვა დაიწყეს. ქართველმა მებრძოლებმა ცოტა უკან დაიხიეს, მოწინააღმდეგის ცეცხლის არეალიდან გამოვიდნენ და საპასუხო ცეცხლი გახსნენს. რუსებმა ორჯერ სცადეს სოფელ კრაგესმანთან ფონის გადმოლახვა, მაგრამ ორივეჯერ უკუქცეულ იქნენ. ასევე ვერ შეძლო მათმა კავალერიამაც სოფელ შიხალოდან ფონზე გადასვლა და შეტევის განხორციელება. აქ მათ ზუგდიდის ბატალიონმა გადაუკეტა გზა. მთელი დღის მანძილზე რუსების მცდელობას, მდინარე გადმოელახათ წარმატება არ მოჰყოლია (ფოილოს ხიდთან ბრძოლაში მონაწილეობდა მე-9 დივიზიის 74-ე პოლკის მე-2 ბატალიონის პოლიტკომი ნიკიტა ხრუშჩოვი). 22 საათზე ფოილოს ხიდთან მდგომმა ნაწილებმა თბილისისაკენ უკან დახევის შესახებ მთავარსარდლის ბრძანება მიიღეს და პოზიციები დატოვეს.
16 თებერვალსვე დაიწყო შემოტევა ზაქათალის მხრიდან. კახეთში დისლოცირებული მე-6 ათასეულის შენაერთებიც პატარ-პატარა რაზმებად იყო დაშლილი, ამიტომ მტერს სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. გენეარლი მაზნიაშვილი წერდა, `კახეთის რუქას თუ გადავხედავთ, სამხედრო საქმის ყოვლად უცოდინარი ადამიანისთვისაც კი ცხადი იქნება, რომ საქართველოს არმიის უფროსმა მხედრებმა ამ ფრონტს არ მიაქციეს არავითარი ყურადღება და ამით მტერს მიეცა საშუალება, გაენადგურებინა იქ დაბანაკებული ჩვენი ჯარის პატარა მზვერავი რაზმები, შემდეგ ჩაეგდო ხელში მთელი კახეთი და უვნებლად მოეღწია ტფილისის მიდამოებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან. ყველა ეს მოხდა რამდენიმე დღის განმავლობაში, მე-6 ქვეითი ლეგიონი იძულებული გახდა დაეხია თიანეთისკენ და შემდეგში მტერს ჩაუვარდა ხელში~  (ქართული არმიის ეს შენაერთი და მასთან ერთად გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი, იძულებული გახდა თიანეთიდან არაგვის ხეობაში გადასულიყო და საქართველოს სამხედრო გზით შეტევაზე მომავალ ბოლშევიკთა ჯარს ტყვედ ჩაუვარდა. გენერალი ახმეტელაშვილი 1922 წელს რიაზანში `ჩეკას~ ციხეში გარდაიცვალა).
16 თებერვალსვე ეკატერინენფელდს (ბოლნისი) მიაღწიეს მდ. ძორაგეტიდან უკანდახეულმა ქართულმა შენაერთებმა. მათ აქ არც ბრძანება დახვდათ და არც რაიმე სახის ინფორმაცია. რადგან კვალდაკვალ წითელი კავალერია მოსდევდათ, გადაწყდა, შენაერთებს სარდარას (მარნეული) მიმართულებით დაეხიათ. ერთმა  ნაწილმა ტაბახმელასკენ წასვლა გადაწყვიტა. იმნაძისა და ჩხეიძის ქვედანაყოფებს ფაქტობრივად ალყის გარღვევა მოუხდათ, რათა სარდარას (მარნეული) მიმართულებებით დაეხიათ. ქართულმა ნაწილებმა სერიოზული ზარალი განიცადეს (დაიკარგა ერთი ბატარეა). ამას ზედ დაერთო პირადი  შემადგენლობის დემორალიზაციაც.
გენერალური შტაბის 16 თებერვლის ინფორმაციით, `წარსულ ღამეს რესპუბლიკის წინააღმდეგ გამოილაშქრა საბჭოთა აზერბაიჯანმაც. შემჩნეულ იქნა ყაზახის მხრიდან საბჭოთა ჯარების შემოტევა ფოილოს მიმართულებით და წითელი ხიდის წინააღმდეგ. ფოილოს მიმართულებით მტრის ყოველგვარი ცდა მტკვარზე გადმოსასვლელად ჩვენ მიერ უკუგდებულ იქნა. ჩვენ ავაფეთქეთ ფოილოს ხიდი. წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით მყოფ ჩვენ ჯარებს ებრძანათ მდინარე ხრამისაკენ დახევა. ჯარების სულიერი განწყობილება მხნე და მტკიცეა. უკან დახევა სრულის წესრიგით სწარმოებს~.
გენერალური შტაბი ასევე იტყობინებოდა, რომ `თებერვლის 16-ს რესპუბლიკის ჯარები გაიშალენ ტფილისის გამაგრებულ  პოზიციებზე. მათ წინ შორეულ პოზიციებს მოწინავე ჯარები იკავებენ.~
შეიძლება ითქვას, რომ ამ მომენტისთავის ომის პირველი ეტაპი დამთავრდა . ქართულმა შენაერთებმა მძიმე მარცხი იწვნიეს და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. მოწინააღმდეგემ სერიოზულ უპირატესობას მიაღწია და ფაქტობრივად გზა გაეხსნა დედაქალაქისკენ. გენერალ კვინიტაძის აზრით, ქართულ სარდლობას უკვე დაშვებული ჰქონდა სამი ძირითადი შეცდომა: `1) თბილისში არ გამოიძახეს ჯარი მთელი ტერიტორიიდან; 2) თადარიგში არსებული ძალების ნაწილ-ნაწილ შეყვანა; 3) წითელ ხიდთან ძალების შესუსტება. ჯარის წინასწარი განლაგების განხილვისას იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ სამი მიმართულებიდან: ლორეს, სანაინის და წითელი ხიდის, ორ უკანასკნელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, ამასთან, წითელი ხიდის მიმართულებას კიდევ უფრო დიდი, ვინაიდან ძალების უმეტესობა აქ იყო თავმოყრილი. მაგრამ სამხედრო მოქმედებათა დაწყებისთანავე ამ უკანასკნელ მიმართულებას სათანადო მნიშვნელობა აღარ მიანიჭეს, რადგან სწორედ აქედან გაიყვანეს თითქმის მთელი ჯარი, მაშინ, როდესაც მოქმედებაში ქვეყნის სიღრმეში განლაგებული ძალები უნდა ჩაერთოთ~


0 коммент.: