დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალები

საბჭოთა ისტორიოგრაფია ქართული შეიარაღებული ძალების რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას იძლეოდა. ძალიან არაობიექტური და უაღესად ტენდენციურიდან დაწყებული, შედარებით რეალურით დამთავრებული. ზოგან          აღნიშნულია, რომ ქართულ რეგულარულ არმიაში იყო 27 000 ქვეითი და 2 000 ცხენოსანი, გვარდიაში კი _ 34 400 ქვეითი და 500 ცხენოსანი. ხოლო სასაზღვრო დაცვის და სხვადასხვა შეიარაღებული ნაწილების ჩათვლით საქართველოს 75 870 ქვეითი და 3990 ცხენოსანი ყავდა . საქართველოს რომ მართლა ამხელა შეიარაღებული ძალები ყოლოდა მე-11 არმიისგან არაფერი აღარ დარჩებოდა. 80 000 კაცი როგორც ჩანს იყო მაქსიმუმი რისი გამოყვანაც საქართველოს შეეძლო (ცხადია არ იგულისხმება ტოტალური მობილიზაცია), მაგრამ ამხელა ჯარი ჩვენ არასდროს არ გვყოლია. შედარებით უფრო ობიექტური საბჭოთა მონაცემების თანახმად, ქართული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იყო: 50 000 ქვეითი და ცხენოსანი, 122 ზარბაზანი, 1225 ტყვიამფრქვევი, 4 ჯავშანმატარებელი, 16 ტანკი და ჯავშანმანქანა, 56 თვითმფრინავი.  ეს მონაცემებიც გადაჭარბებულია, განსაკუთრებით პირადი შემადგენლობისა და ტანკების რაოდენობის მხრივ. თვითმფრინავებში კი ალბათ იტალიაში ნაყიდი ის უახლესი მოდელის საფრენი აპარატებიც იგულისხმება, რომლებიც ვერ აფრინდნენ, რადგან თავის დროზე მათთვის ძრავში ჩასასხმელი ზეთი არ შეიძინეს.  
რეალური ვითარება შემდეგი იყო, ქართული შეიარაღებული ძალები შედგებოდა რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიისაგან. ეს უკანასკნელი `იყო ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის მებრძოლებს, როგორც წესი, არ ევალებოდათ ყაზარმებში ცხოვრება. გვარდიელები უმეტეს დროს თავის სახლებში და სამოქალაქო სამსახურში ატარებდნენ, სამხედრო მწობრში დგებოდნენ მხოლოდ წვრთვნისა და ომის დროს~.  გვარდია ფაქტობრივად არმიის პარალელური სამხედრო სტრუქტურა იყო. მისი სარდლობა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობას ემორჩილებოდა. გვარდია `პარტიული ჯარი~ იყო. მისი შექმნის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ქართველ გენერლებსა და ოფიცრებს არ ენდობოდა . გვარდიას არმიასთან შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობა ეკავა, მას უკეთესი მომარაგება ჰქონდა . მაშინ როდესაც ჯარში ჯარისკაცს თვეში 150-250, ხოლო ოფიცერს 3-6 ათასი მანეთი ეძლეოდა, რიგითი გვარდიელი თვეში 3-6 ათას მანეთს იღებდა.  ქართული შეიარაღებული ძალების მიერ 1918-1920 წლებში წარმოებული ბრძოლების დროს გამოჩნდა, რომ გვარდია (ცხადია იყო გამონაკლისებიც) არმიას ბრძოლისუნარიანობითაც და დისციპლინითაც ჩამოუვარდებოდა. აქვე აღვნიშნავთ, რომ თბილისთან ბრძოლის დროს გვარდიამ საოცარი თავდადება და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა (თუმცა აქაც იყო სამწუხარო გამონაკლისები).
გვარდია იყოფოდა მუდმივ და სარეზერვო ნაწილებად. მუდმივი ნაწილები იყო: ერთი, სრული შემადგენლობის საგანგებო ბატალიონი; მეტყვიამფრქვევეთა ბატალიონი; მესანგრეთა ერთეული; საარტილერიო ბრიგადა (ექვსი ბატარეა); ჯავშანავტომობილებისა და საბარგო ავტომობილების რაზმი; ცხენოსანი პოლკი (ექვსი ესკადრონი).  სარეზერვო ნაწილი შედგებოდა ოცი (ზოგი მონაცემით ოცდასამი) კადრირებული ბატალიონისაგან.  გვარდიის მობილიზაციას 1-2 დღე სჭირდებოდა.  გვარდიის ცხენოსანი ნაწილი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული სამხედრო შენაერთი იყო. ის, რუსეთის იმპერიის საუკეთესო საკავალერიო ნაწილებში: ნიჟეგოროდისა და ტვერის დრაგუნთა პოლკებში ნამსახურები ქართველი ოფიცრებისაგან იყო დაკომპლექტებული.
გვარდიას სათავეში შტაბი ედგა, რომელსაც უცვლელად მეთაურობდა ვალიკო ჯუღელი .
ვალერიან თევზაძის ინფორმაციით, რომელიც სამხედრო წესდებისა და ინსტრუქციის შემმუშავებელი კომისიის მდივანი იყო, 1919 წლის შემოდგომაზე დამტკიცებულ იქნა ქართული ჯარის შემადგენლობა, რომლის მიხედვითაც  არმიაში 4 ბრიგადა უნდა ყოფილიყო. ბრიგადა შედგებოდა 4 ათასეულისა და 1 საარტილერიო დივიზიონისაგან.
თავის მხრივ ათასეულის შემადგენლობაში ქვეითთა 5 ასეული, 1 მეტყვიამფრქვევეთა ასეული, მეკავშირეთა, მზვერავთა, მესანგრეთა რაზმები და შტაბის შემადგენლობა შედიოდა.
ცალკე არსებობდა სანაპირო დაცვის, ანუ მესაზღვრეთა ათასეული. ის ქვეითთა 6 ასეულისაგან შედგებოდა.
არმიის შემადგენლობაში შედიოდა: 3 საარტილერიო დივიზიონი, ცხენოსანი რაზმი, მესანგრეთა ათასეული, რადიო-ტელეგრაფის ნაწილი, საავიაციო გუნდი, ჯავშანმანქანების ნაწილი, ავტომობილების სატრანსპორტო კოლონა და 4 ჯავშანმატარებელი.
საომარი მდგომარეობის დროს ინიშნებოდა მთავარსარდალი, რომელსაც არმიაცა და სახალხო გვარდიაც ემორჩილებოდა.
ა.კვიტაიშვილის ინფორმაციით, მშვიდობიანობის დროს ქართული შეიარაღებული ძალები 24 000 კაცს ითვლიდა.
ძალიან საინტერესო მონაცემებია დაცული საბჭოთა რუსეთის აგენტურის მონაცემების საფუძველზე, სავარაუდოდ 1920 წლის ზაფხულში, შექმნილ დოკუმენტში , რომლის მიხედვითაც ჯარში და სახალხო გვარდიაში ერთად დაახლოებით 36 ათასი კაცი ირიცხებოდა (იხ. დანართი #1).
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 1920 წლის 25 აგვისტოსათვის ქართულ არმიაში (სამხედრო სკოლისა და სამნეო ნაწილის გამოკლებით) სიით 37 667 კაცი ირიცხებოდა, თუმცა რეალურად სახეზე 25 891 იყო  (დაწვრილებითო ინფორმაციისათვის იხ. დანართი #2). არსებობდა ქვეითთა სამი ბრიგადა. I-ს მეთაურობდა გენერალი დავით ართმელიძე, შტაბი განლაგებული იყო სოხუმში; II-ს ხელმძღვანელობდა გენერალი სოსო გედევანიშვილი, შტაბით თბილისში; III-ს სარდლობდა გენერალი ვარდენ წულუკიძე, შტაბი ახალციხეში მდებარეობდა.  ქართულ არმიას გააჩნდა: 730 ტყვიამფრქვევი, 4 გაუბიცა, 36 მძიმე და 40 მსუბუქი ქვემეხი.  არტილერია ექვემდებარებოდა გენერალ ქუთათელაძეს . საინჟინრო ნაწილებს ხელმძღვანელობდა გენერალი თაყაიშვილი.
მობილიზაციის შედეგად შესაძლებელი იყო 65-80 ათასი კაცის გამოყვანა.
1920 წლის ნოემბერში გადაწყდა, 1890-1893 წლებში დაბადებულთა ნაწილობრივი მობილიზაციის ხარჯზე, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 40 000 კაცამდე გაზრდა.  ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს და ძნელი სათქმელია რამდენად მოესწრო 1921 წლის თებერვლისთვის თუნდაც ამ ნაწილობრივი მობილიზაციის განხორციელება. არაპირდაპირ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერ მოესწრო. უფრო მეტიც, გენერალი მაზნიაშვილი თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ 1920 წლის დეკემბერსა თუ 1921 წლის იანვარში, გენერალიტეტის წინააღმდეგობის მიუხედავად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჯარიდან და გვარდიიდან უვადო შვებულებაში იმ პირთა დათხოვნისა, რომლებმაც ორი და მეტი წელი იმსახურეს.
1921 წლის 15 იანვარს  მთავარსარდალმა, გენერალმა ოდიშელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ზაქარიაძემ თავდაცვის საბჭოს წერილობით გადასცეს მოთხოვნა ჯარის რაოდენობს 60 000 კაცამდე გაზრდის შესახებ.  გენერალური შტაბის უფროსი წერდა, `ჩვენი ოცნება იყო რამენაირად სამოცი ათასიანი  ჯარი შეგვექმნა, მაგრამ უიარაღობის გამო ეს ოცნება ოცნებად დარჩა (მიუხედავად იმისა, რომ მომზადებულ ჯარისკაცთა რიცხვი საქართველოში აღემატებოდა ორასი ათასს. სათანადო სარდლობაც მზად იყო)~.

0 коммент.: