გასაბჭოების პირველი ცდა

    რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის ბედი 1920 წლის დასაწყისისათვის ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. ბოლშევიკებმა მოახრეხეს ადმირალ კოლჩაკის განადგურება, გენერალ დენიკის მოხალისეთა არმია კი სერიოზულ საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. ყოველივე ამან და ამავე დროს ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ, საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას საშუალება მისცა სამხრეთ კავკასიის დაპყრობა დაეწყო.
 
ბოლშევიკები ბაქოში
1920 წელი
1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის ჯავშანმატარებლები ბაქოში შეიჭრნენ და იქ საბჭოთა ხელისუფლება დაამყარეს. საქართველოს მთავრობამ, რომელსაც სამხედრო-სამოკავშირეო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული დამოუკიდბელი აზერბაიჯანის მთავრობასთან, უკვე მეორე დღეს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა . შეიქმნა `რესპუბლიკის დაცვის საბჭო~ მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. საბჭოში შევიდნენ სამხედრო, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები. ასევე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, სამხედრო მინისტრის მოადგილე გენერალი გედევანიშვილი და სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის უფროსი ვალიკო ჯუღელი. რესპუბლიკის ყველა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა .
  აღნიშნული ღონისძიებების გატარება სრულიად აუცილებელი იყო და ეს შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადყო.
  1 მაისს აზერბაიჯანის მხრიდან მოწინააღმდეგემ შემოტევა დაიწყო. გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, `1 მაისს აზერბაიჯანის ჯარებმა გადმოლახეს უძლიერესი ძალებით ჩვენი საზღვარი, ჩვენი ტერიტორიით შემოუარეს მას და წითელ ხიდთან მყოფი ჩვენი მოსაზღვრე პოსტი შეავიწროვეს. 2-სა და 3 მაისს საზღვარზე სროლა იყო. 4 მაისს აზერბაიჯანის ჯარები ცდილობდნენ, რომ ფოილოს ხიდთან მყოფი ჩვენი მოწინავე ნაწილისთვის შემოერტყათ, მაგრამ იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ. 5 მაისს გათენებისას მტერი კიდევ სცდილობდა შემოტევას ამავე ხიდზე ორი ჯავშნიანი მატარებლის დახმარებით. რომ ჯავშნიანი მატარებლებისათვის არ მიგვეცა საშუალება ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლისა, ამიტომ ავაფეთქეთ ხიდი და ჩვენმა მოწინავე ნაწილებმა უკან დაიხიეს. 5 მაისს წითელ ხიდთან ომი გაჩაღდა. მტერი, რომელსაც მნიშვნელოვანი დამხმარე ძალა მოუვიდა და რომელსაც არტილერია ეხმარებოდა, რამდენჯერმე შეტევაზე გადმოვიდა, საღამოს დავიჭირეთ ჩვენი პოზიციები. Aამ ბრძოლაში ჩვენ მოგვიკლეს 6 გვარდიელი და დაგვიჭრეს 17. განსაკუთრებით გმირულად იბრძოდა ცხენოსანი ჯარი. იმავე დღეს ჩვენმა ჰაეროპლანებმა ჩამოყარეს ყუმბარები წითელ ხიდთან მყოფ მტრის პოზიციებში. 6 მაისს მტერი არტილერიით ესროდა ფოილოსთან მყოფ ჩვენს პოზიციებს და 8 მაისს ღამით კი თოფებით და ტყვიისმფრქვეველებით უშენდა ამავე პოზიციებს.~  მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში დაიდო ხელშეკრულება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის, რომლითაც ამ უკანასკნელმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და საზღვრები, საომარი ოპერაციები კვლავ გრძელდებოდა. ისევ გენერალური შტაბის ოფიციალურ ინფორმაციას თუ ვენდობით, `ჩვენს პოზიციებს 8 მაისს საღამოთი წითელი ხიდის რაიონში მტრის ცხენოსანი ჯარი ქვეითი ჯარის დახმარებით შეტევაზე გადმოვიდა, მაგრამ უკანვე ვაგდეთ. 9 მაისს საღამოთი სოფელ ტაკიალის რაიონში გამოჩნდა მტრის რაზმი, მაგრამ ჩვენი რაზმის გმირული შეტევით, რომელსაც ვახმისტრი შელია უძღოდა უკუვაქციეთ. მტერს მოუკალით 1 ოფიცერი და დაუჭერით 4 ჯარისკაცი. ჩვენ არავითარი ზარალი არ მოგვსვლია. 9 მაისს ლაგოდეხის აღმოსავლეთით მყოფ რაიონში ჩვენ მოსაზღვრე რაზმს თავს დაესხნენ შეიარაღებული ლეკები. სროლის დროს მოკლულ იქნა საყარაულოს უფროსი ლეიტენანტი ყიფიანი. Lლეკები დიდი ზარალით უკუვაგდეთ. ამ ბანდების საბოლოოდ სალოკვიდაციოდ ზომები მიღებულია. სხვა ფრონტებზე სიწყნარეა.~  ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა 11-13 მაისსაც. `გუშინ 10 მაისს წითელი ხიდის რაიონში ჩვენ ბრძოლით მტერი 4-5 ვერსით უკან დავწიეთ. ჯარების უფროსები ერთხმად ადასტურებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას. იმავე დღეს ჩვენი ჰაეროპლანები მტრის ზურგს ესროდა ყუმბარებს და ჰყრიდა პროკლამაციებს საქართველოს რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის ზავის შეკვრის შესახებ. 11 მაისს დილიდან წითელი ხიდის რაიონში ბრძოლა სწარმოებს ~. `12 მაისს დილის 5 საათზე ჩვენი ნაწილების გმირული შეტევით მტერი მის მიერ დაკავებული პოზიციებიდან გავრეკეთ. ჩვენ დავიჭირეთ ხრამის ხიდი და მის გარშემო მდებარე სიმაღლეები. მტრის დევნა გრძელდება"
  წითელი ხიდის რაიონში მტერს რამდენიმე ვერსით ეჭირა ბამბაკის მთის მიდამოები მდ. მტკვრამდე ჩვენს საზღვრებში. მტრის მთავარი პოზიცია მდებარეობდა მაღალ ქედზე და გამაგრებული იყო თხრილებით და ჭებით. ამნაირათ ისედაც ბუნებრივი სიმაგრე კიდევ უფრო იყო ხელოვნურად გამაგრებული. ჩვენ ჯარს პირდაპირ გაშლილ ველზე უნდა შეეტია. მანევრები სრულიად შეუძლებელი იყო, იმის გამო, რომ მარცხნით ჩადის მტკვარი, ველზე კი რამდენიმე ადგილას გადის ალგეთი, ხრამი და დებედა-ჩაი. მიუხედავად ასეთი პირობებისა სახალხო გვარდიამ 2 დღის ბრძოლის შემდეგ მტერს პოზიციებიდან დაახევინა და 12 მაისს დილის 5 საათზე ზარბაზნებისა და ტყვიის მფრქვეველების დახმარებით გადამწყვეტი შეტევით დაიჭირა მათი მთავრი პოზიცია. საღამოს 12 საათზე ჩვენმა მოწინავე ნაწილებმა დაიჭირეს სოფელი შიხლი. მტრის დევნა გრძელდება.~  მხოლოდ 16 მაისს შეწყდა საომარი მოქმედებები.
  საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების პირველი ცდა ჩაიშალა. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა.

0 коммент.: