პირველი შემოტევის მარცხის მიზეზები

12-16 თებერვლის ბრძოლებში ქართული შეიარაღებული ძალების მარცხი რამდენიმე მიზეზით იყო გამოწვეული:

1. არც მთავრობამ და არც სამხედრო ხელმძღვანელობამ სათანადო ყურადღება არ მიაქცია ინფორმაციებს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ. ამიტომ ქვეყანა ფართომასშტაბიანი ომისთვის მზად არ იყო.
2. საზღვრისპირა რეგიონში დისლოცირებული ქართული შეიარაღებული ძალების შენაერთები პატარ-პატარა რაზმებად იყო დაშლილი და ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში ჩაყენებული. ცხადია ეს წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას ამცირებდა.
3. სამხედრო მოქმედებების დაწყებისას სარდლობამ სწორად ვერ შეაფასა შექმნილი ვითარება, ვერ შეძლო სიტუაციის მართებულად გაანალიზება და საჯარისო ნაწილების მართვაში შეცდომები დაუშვა. ჩაითვალა, რომ მხოლოდ საბჭოთა სომხეთი გვიტევდა და საბჭოთა რუსეთი ამ ომში არ ჩაებმებოდა. დიდ წილად ეს მიდგომა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური მოღვაწეების პოზიციითაც იყო ნასაზრდოები .
4. საზღვართან არსებული შენაერთები ბრძოლაში ნაწილ-ნაწილ შეყავდათ, ნაცვლად იმის რომ მათთვის თავი ერთად მოეყარათ და ძლიერი კონტრშეტევა განეხორციელებინათ . გვარდიის იმერეთის მე-2 ბატალიონის უფროსის აკაკი კვიტაიშვილის სიტყვებით, 12-16 თებერვალს ქართულ ჯარს ნამდვილი პატრონი არ ყავდა. `ბატალიონები იბრძვიან სხვადასხვა დროს. ერთი რომ დამარცხდება, მეორე გააბამს ბრძოლას~ .
5. საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე არ მოხდა ჯარების გამოძახება ქვეყნის შიდა რაიონებიდან.
6. რადგან ჯარები არ გამოიძახეს შიდა რეგიონებიდან, ამიტომ ბრძოლაში ჩააბეს აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად მყოფი შენაერთები. სანაინის  რაიონში განლაგებული ძალების დახმარება გენერალ ჯიჯიხიას ნაწილების მეშვეობით სცადს და მას აირუმის მიმართულებით შეტევა დაავალეს. ყურადღება აღარ მიაქციეს წითელი და ასევე ფოილოს ხიდების. ამიტომ წითელი ხიდი, საიდანაც მე-11 არმიის მთავარი დარტყმა განხორციელდა ფაქტობრივად დაუცველი დარჩა .
პირველი დღეების ბრძოლების შედეგად ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მძიმე დანაკლისი განიცადეს. განადგურდა არმიის მე-5 და მე-8 ათასეულები, ასევე გვარდიის თბილისის მე-3 და გურიის ბატალიონები.
საინტერესოა ა.კვიტაიშვილის მოსაზრება, `შესაძლებელია, ბორჩალოში ჩვენ ჯარს რომ სათანადო, შესაფერი ხელმძღვანელობა ჰყოლოდა, იგი დაქსაქსული არ ყოფილიყო და გაეწია შესაფერისი წინააღმდეგობა, მტერი უკან წასულიყო და ყველა ეს ამბავი გამოცხადებულიყო `სანაპირო ინციდენტად~. მხოლოდ, როდესაც რუსულ მეთერთმეტე არმიას გაუმართლა თავისი ავანტიურა 11-13 თებერვალს … ცენტრალური კომიტეტი `ნებას აძლევს~ მეთერთმეტე არმიას დაიკავოს თბილისი~ .
11-12 თებერვლის ღამეს მოხდა თავდასხმა ლორეს ნეიტრალურ ზონაში და მხოლოდ 16 თებერვალს წითელი და ფოილოს ხიდებზე. მართლაც შეიძლება დავსვათ კითხვა, რატომ არ მოხდა ერთდროული თავდასხმა? ჩვენი აზრით ამას ორი რამ განაპირობებდა: პირველი – ეს იყო მოწინააღმდეგის ტაქტიკური ჩანაფიქრი, რომლითაც `მტერმა მოხდენილად მოხრუჭა ჩვენი სარდლობის ყურადღება სადახლოს ფრონტის მიმართულებით და 16 თებერვალს ეძგერა წითელ ხიდს და ფოილოს~ ; მეორე _ არ არის გამორიცხული, რომ 12-15 თებერვლის ბრძოლებით მტერი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ცდიდა, მის ბრძოლისუნარიანობას ამოწმებდა (მით უმეტეს უკვე ჰქონდა საქართველოს `გაწითლების~ ერთი წარუმატებელი მცდელობა). შესაძლოა,  საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სომხეთის მხრიდან შემოჭრილი მტერი რომ დაემარცხებინა, 16 თებერვალს წითელი და ფოილოს ხიდებზე მოწინააღმდეგეს შეტევა აღარ განეხორციელებინა, Uუკეთეს დროს დალოდებოდა. თუმცა ყოველივე ეს მხოლოდ თეორიული მსჯელობაა.
16 თებერვალს დღის პირველ ნახევარში მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე გადააყენეს და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა. ოდიშელიძე მთავრობის თავმჯდომარის სამხედრო მრჩევლად დაინიშნა. გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე, რომელიც 1921 წლის თებერვალში პოლკოვნიკის ჩინით თბილისის დაცვას ტაბახმელას მიმართულებაზე ხელმძღვანელობდა, იგონებდა, `16 თებერვალს დილით, შიშისაგან დამფრთხალი, ხრამზე მდგომი გვარდია ერთიანად უკან გამოიქცა, ჯერ სადგურ სანდარაზე და შემდეგ ტფილისში. მე-2 საარმიო ბრიგადა განადგურებულ იქნა ხეობებში და ამგვარად ფრონტი მოღიავებული და სრულიად გაწმენდილი იყო. რომ მტრის ერთ ცხენოსან ბრიგადას ენერგიულად ედევნა, იმავე დღესვე შეეძლო ტფილისში შემოვარდნილიყო ... მხოლოდ ეხლა მოიგონეს ერთი ადამიანი, რომელსაც, სამწუხაროდ, ყოველთვის მხოლოდ ასეთ წუთებში იგონებდნენ ხოლმე ... მთავარსარდლად დანიშნეს გენ. კვინიტაძე. თუმცა ყველა გამოცდილი მეომრისათვის აშკარა იყო, რომ ტფილისის საქმე უკვე წაგებულია, მაგრამ მაინც ამ დანიშვნამ ყველა აამოძრავა~.  კვინიტაძის მთავარსარდლად დანიშვნას დიდი იმედებით შეხვდა მთელი საზოგადოება. გაზეთი `საქართველოს რესპუბლიკა~ წერდა, `დიდი სტრატეგი, საქართველოს ჯარების სულის ჩამდგმელი, საქართველოს მტრის თავზარდამცემი, როგორც მზე ისე მოევლინა ქართულ მხედრობას და გაათბო მისი სხეული, როგორც რისხვა ისე დაატყდა თავს საქართველოს მტრებს~.
  16 თებერვალს რომ მდგომარეობა კატასტროფული იყო და დედაქალაქი ფაქტობრივად დაუცველი რჩებოდა ამას გენერალი კვინიტაძეც ადასტურებს .
სანამ თბილისის დაცვაზე გავაგრძელებდეთ საუბარს, გვინდა დაწვრილებით შევჩერდეთ მთავარსარდლის შეცვლის საკითხზე . პირველ რიგში ვნახოთ თუ როგორ აფასებდნენ ილია ოდიშელიძეს მისი თანამედროვენი.
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის აზრით, ოდიშელიძის შეცვლა შეცდომა იყო. აი რას წერს იგი თავის მოგონებებში, `ეს იყო დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა მთავრობისა. ქართველ ყველა გენერალში ოდიშელიძე თვალსაჩინოდ ირჩეოდა, უმაღლეს სარდლობაში, მას ჰქონდა დიდი მხედრული და ადმინისტრაციული სტაჟი. ევროპის უდიდესი ომის დროს გენერალმა ოდიშელიძემ მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის ჯარების მთავარი შტაბისა. ომის დასაწყისში, ჩვენ ვხედავთ მას 1-ლი არმიის შტაბის უფროსის თანამდებობაზე, ომის მეორე პერიოდში ოდიშელიძე ინიშნება მე-15 კორპუსის უფროსად და შემდეგ მოკლე ხნის განმავლობაში კავკასიის არმიის უფროსად. აი ასეთ კაცს მთავრობა სცვლის გაჩაღებული ომის დროს და ნიშნავს ისეთ პირს, რომელიც სამხედრო სტაჟით მეტად ჩამორჩება ოდიშელიძეს. უახლოესი ამბების განვითარებამ დაუმტკიცა მთავრობას მისი შეცდომა~. მაზნიაშვილის აზრით, ამ ცვლილების მიზეზი დამფუძნებელი კრების წევრ ეროვნულ-დემოკრატთა ერთი ნაწილის ზეგავლენა იყო.  უნდა აღინიშნოს, რომ მაზნიაშვილი იმ შეცდომებზეც მიუთითებს რომლებიც ოდიშელიძემ დაუშვა. სავსებით სწორია გენერალი, როდესაც კახეთის მიმართულებით შექმნილი ვითარების ანალიზისას პასუხისმგებლობას სრულიად მართებულად `საქართველოს არმიის უფროს მხედრებს~ აკისრებს. ვინ უნდა ვიგულისხმოთ `საქართველოს არმიის უფროს მხედრებს~ შორის თუ არა პირველ რიგში მთავრასრდალი ოდიშელიძე და შტაბის უფროსი გენერალი ზაქარიაძე .
ეროვნულ-დემოკრატთა ნაწილი მართლაც უარყოფითად იყო განწყობილი გენერალ ოდიშელიძის მიმართ. რ. გაბაშვილი წერდა, `ოდიშელიძე რუსული მასშტაბით კარგი და მცოდნე ღენერალი იყო (საუკეთესო კორპუსს `ჰკამანდირობდა~), მაგრამ უნებისყოფო და პატარა საქართველოსათვის სრულიად გამოუსადეგარი~,  თუმცა მთავარსარდლის შეცვლის საკითხში ეროვნულ-დემოკრატებს არავითარი როლი არ უთამაშიათ. სოციალ-დემოკრატები თითქმის არასდროს არ იზიარებდნენ პოლიტიკურ ოპონენტთა შეხედულებებს და არც ამჯერად გაუთვალისწინებიათ ვინმეს რჩევა თუ მოსაზრება. ოდიშელიძის შეცვლა თავად შექმნილმა ვითარებამ მოითხოვა.
ოდიშელიძეს დადებითად ახასიათებდა გენერალი კვინიტაძეც. თავის მოგონებებში კვინიტაძე წერს, რომ როდესაც ომის დაწყების ამბავი გავიგე, მაინც შედარებით მშვიდად ვგრძნობდი თავსო, რადგან, `სამი წლის მანძილზე მივეჩვიე, რომ ყოველთვის მარცხით ვიწყებდით, შემდეგ კი მდგომარეობას ვასწორებდით... მითუმეტეს, რომ ომისთვის ნოემბრიდან ემზადებოდნენ და ჯარს სათავეში ისეთი მცოდნე მებრძოლი ედგა, როგორიც გენერალი ოდიშელიძე გახლდათ. მჯეროდა, რომ მან ყველაფერი გაითვალისწინა და ამ მარცხს ის საშინელი შედეგი არ მოჰყვებოდა, რაც სინამდვილეში მოხდა~.ოდიშელიძის მოღვაწეობის შეფასებას იძლევა პოლკოვნიკი ვალერიან თევზაძეც, `გამოცდილი გენერალი, ყოფილი კავკასიის ფრონტის უფროსის თანაშემწე. მისი წამოწყებები ომის დაწყების დღიდანვე არ იყო სწორი და ახლა დაჟინებით გამოჩნდა. გაება მდგომარეობის გამორკვევასა და ცალ-ცალკე მოქმედებაში შემოსულ მტერთან, სათანადოდ არ შეაფასა მოქმედება სადახლოს მიმარულებით, ეს კი დიდ საფრთხეს ნიშნავდა თბილისისთვის. აკლდა მომთხოვნელობა ცალ-ცალკე უფროსებისადმი და თვით გენ. გედევანიშვილისადმი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სადახლოსა და ბორჩალოს რაიონში შექმნილი მდგომარეობისა. დაკმაყოფილდა ადგილობრივი ნაწილებით მტრის განდევნის მოთხოვნით. მოქმედება წარმოებდა პატარ-პატარა ნაწილებით და ხშირად უშედეგოდ~.  
გიორგი მაზნიაშვილი და გიორგი კვინიტაძე, ორი საუკეთესო ქართველი გენერალი, რომელთა სახელსაც უკავშირდება 1918-1920 წლებში ქართული შეიარაღებული ძალების მიერ მოპოვებული თითქმის ყველა გამარჯვება, მაღალ შეფასებას აძლევენ გენერალ ოდიშელიძეს. ილია ოდიშელიძის ბიოგრაფიაც  იმას მოწმობს, რომ იგი მაღალი დონის პროფესიონალი იყო. მიუხედავად ამისა გასაოცარ ფაქტად რჩება, რომ ქართული ჯარის მთავარსარდლის პოსტზე ყოფნის დროს გენერალმა ილია ოდიშელიძემ სერიოზული შეცდომები დაუშვა.
ცხადია, რომ გენერალ ოდიშელიძის გადაყენება სრულიად ბუნებრივი იყო (გაურკვეველია თუ რა მიზანს ისახავდა მისი ნოე ჟორდანიას მრჩევლად დანიშვნა. მთავრობის თავმჯდომარე თავის მოგონებებში გენერალს ძალიან ცუდად ახასიათებს და აღნიშნავს, რომ ყოველთვის სურდა მისი გადაყენება. ეს აზრი ჟორდანიას არც 1921 წლის 16 თებერვალს დაუმალავს გენერალ კვინიტაძესთან საუბრისას. იმ დღეს მთავრობის თავმჯდომარის პოზიცია გვარდიის სარდალმა ვალიკო ჯუღელმაც გაიზიარა . ყოველივე ამის შესახებ ჩვენც გენერალი კვინიტაძესავით უნდა ვიკითხოთ `სიბრიყვეა ეს თუ დანაშაული?~).
ვინ შეიძლება დაენიშნათ მთავარსარდლად? თეორიულად ალბათ ნებისმიერი გენერალი, მაგრამ ჩვენი აზრით, არჩევანი პრაქტიკულად მხოლოდ ორ პიროვნებას შორის შეიძლება ყოფილიყო. გენერალი გიორგი კვინიტაძე და გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. ეს უკანასკნელი 1920 წლის 6 ოქტომბრიდან
თბილისის გამაგრებული რაიონის უფროსი იყო. გენერალ კვინიტაძეს ერთხელ უკვე დამარცხებული ყავდა საბჭოთა რუსეთის ჯარები, როდესაც ისინი 1920 წლის აპრილ-მაისში აზერბაიჯანიდან შემოიჭრნენ (კვინიტაძის აზრით, მთავრობამ შეცდომა დაუშვა, როდესაც მას მტრის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დევნისა და დამარცხების საშუალება არ მისცა. გენერალი თვლიდა, რომ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის იმ სამხედრო ნაწილების დახმარებით, რომლებიც ჯერ კიდევ განაგრძობდნენ ბრძოლას, თავისუფლად შეიძლებოდა ბოლშევიკების ამ ქვეყნიდან განდევნაც). ამდენად გენერალ კვინიტაძის დანიშვნა სავსებით ლოგიკური იყო (ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაზნიაშვილის დანიშვნა ალოგიკური იქნებოდა).
   16 თებერვალს მოწინააღმდეგე ფაქტობრივად სამი მიმართულებიდან გვიტევდა: ფოილოს ხიდიდან, კუიბიშევის სარდლობით; წითელი ხიდიდან, ვოიტოვის მეთაურობით; სადახლოდან შულავერზე და ვორონცოვკადან დმანისსა და ეკატერინენფელდზე (ბოლნისი), კუზმინის ხელმძღვანელობით. 

0 коммент.: