საქართველოს საზღვრები

  1921 წლის თებერვლის პირველი რიცხვებისათვის საქართველო-სომხეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართული შენაერთები შემდეგნაირად იყვნენ განლაგებული :
  ვორონცოვკაში (კალინინო, ტაშირი) პოლკოვნიკ რემუალდ ჩხეიძის მეთაურობით იდგა: გვარდიის იმერეთის 1-ლი და კახეთის ბატალიონები, ცხენოსანი ჯარის ორი ესკადრონი, ორი საარტილერიო ბატარეა, ორი ჯავშანმანქანა;
  ჯალალ-ოღლიში (ლორე, სტეფანავანი) პოლკოვნიკ მიხეილ იმნაძის განკარგულებაში იმყოფებოდა: გვარდიის ბორჯომისა და მანგლისის ბატალიონები, ცხენოსანი ჯარის ნახევარი ესკადრონი;
  ბამბაკის ხეობა სანაინი-შაგალის მიმართულებაზე გენერალ სუმბათაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი II საარმიო ბრიგადის მე-5 და მე-8 ათასეულები, ორი ესკადრონი და ორი ბატარეა იყო განლაგებული;
 ბობკიარის მთის მიმართულებით პოლკოვნიკ გოგი ხიმშიაშვილის ორი ბატალიონი იდგა;
 წითელ ხიდს იცავდა: გვარდიის გურიის ბატალიონი მაიორ ხომერიკის მეთაურობით. რომლის ზურგშიც თბილისის 1-ლი (სოფელ სარვანში) და მე-3 ბატალიონები (სოფელ ობელიანოვკაში) იყვნენ განლაგებული.
  ფოილოს ხიდის მიმართულებას გვარდიის იმერეთის მე-2 და ზუგდიდის ბატალიონები, ერთი ესკადრონი, მესანგრეთა ასეული, სანაპირო დაცვის ასეული, ერთი ბატარეა და ჯავშანმატარებელი #4 იცავდა. ამ დაჯგუფებას პოლკოვნიკი კოდუა სარდლობდა.
  რეზერვს, რომელსაც გენერალი ჯიჯიხია მეთაურობდა, გვარდიის ექვსი ბატალიონი, სამი ბატარეა და ორი ესკადრონი შეადგენდა .
  სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე დისლოცირებულ, ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ ნაწილებს გენერალი იოსებ (სოსო) გედევანიშვილი სარდლობდა. მის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ძაგანია იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იოსებ გედევანიშვილის დაქვემდებარებაში  10-12 ათასი მეომარი იმყოფებოდა. ჯარში დაბალ დონეზე იდგა დისციპლინა. მეომართა ნაწილს სამხედრო მზადყოფნა თითქმის სრულიად დაკარგული ჰქონდა. ყველაზე დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ ქართული შეიარაღებული ძალები პატარ-პატარა რაზმებად იყო დაშლილი და ცალკეულ პუნქტებში ჩაყენებული.

0 коммент.: