რომელი შეიძლება ყოფილიყო მთავარი ფრონტი 1921 წელს?!

   ქემალისტების ხელისუფლება ამ დროს ჯერ კიდევ საბერძნეთთან ომში იყო ჩაბმული და მძიმე ბრძოლებს აწარმოებდა , მაგრამ მაინც ახორციელებდა სერიოზულ შეტევებს სომხეთის მიმართულებით. სავსებით შესაძლებელი იყო, რომ სომხეთის მერე საქართველოს წინააღმდეგ გამოელაშქრა.
საინტერესოა, რომ 1920 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა სწორედ ქემალისტების მხრიდან ელოდა აგრესიას. განსაკუთრებით ყარსის დაიკავების შემდეგ, როდესაც თურქების მიერ განვითარებული შეტევის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა სომხეთის შეიარაღებული ძალები.
1920 წლის 16 ნოემბერს დაიბეჭდა დამფუძნებელი კრების მოწოდება ქართველი ხალხისადმი - `დაეცა ყარსი ... სომხეთის საუკეთესო სიმაგრე ... სომხეთის უბედურება საფრთხეს უმზადებს საქართველოს თავისუფალ არსებობას. ჩვენი ისტორიული მტერი, რომელთაც ქემალ ფაშა მეთაურობს არ სცნობს ჩვენ მიერ საბჭოთა რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას, ვერ ურიგდება სამაჰმადიანო საქართველოს ჩვენ საზღვრებში არსებობას, ისინი მოხერხებულ დროს არჩევენ ჩვენზე თავდასხმისთვის. მოსალოდნელია, რომ სომხეთზე გამარჯვებით გათამამებული ქემალ ფაშა მთელი თავისი ძალღონით ჩვენს შესამუსრავად გამოეშუროს.~    
რაც შეეხება საბჭოთა რუსეთს, შემოჭრის შესაძლო მიმართულებები იყო: შავი ზღვის გაყოლებით (მეხადირა-გაგრა), დვალეთის უღელტეხილები (მამისონი, როკი, თრუსო და სხვ.), დარიალის ხეობა, კახეთი, წითელი და ფოილოს ხიდები, და ე.წ. `ლორეს ნეიტრალური ზონა~ . თუნდაც მხოლოდ ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე ცხადია, გინდა ტაქტიკური და გინდა სტრატეგიული თვალსაზრისით, მთავარი კახეთის, ფოილო-წითელი ხიდებისა და ლორეს მიმართულებები იქნებოდა (ამას ადასტურებდა 1920 წლის მაისში მიმდინარე საომარი ოპერაციებიც). აქედან შემოსულ მოწინააღმდეგეს დიდი სივრცე ექმნება მანევრირებისათვის და თანაც დარტყმა პირდაპირ დედაქალაქზე ხორციელდება. `მთავარი ფრონტი ჩვენთვის იყო აღმოსავლეთ საქართველო. სხვა ფრონტები ჩვენთვის იყო მეორეხარისხოვანი. მეორეხარისხოვან ფრონტზე ყურადღება უნდა მიპყრობილიყო იმ პირობით, თუ იქით ჯარების გაგზავნა არ დაასუსტებდა მთავარ ჩვენ ფრონტს~.  აკაკი კვიტაიშვილის ინფორმაციით 110 კილომეტრის სიგრძის ფრონტს (ჯალალ-ოღლიდან ფოილოს ხიდამდე) 18-19 ბატალიონი იცავდა . იმ დროს არსებული ვითარების გათვალისწინებით საუკეთესო შემთხვევაში ეს 10-12 ათასი კაცია. რა თქმა უნდა ცოტაა. კახეთის მიმართულებას მე-6 ათასეული იცავდა, რაც ასევე არა საკმარისი იყო. სხვა საკითხია, რომ რეალურად ამ მიმართულებებზე დისლოცირებული ძალების რაოდენობის მკვეთრი გაზრდა უბრალოდ შეუძლებელი იყო რესურსების არ არსებობის გამო. თუმცა ამ მიმართულებით შესაძლებლობის მაქსიმუმი არ გაკეთებულა და ეს სარდლობის შეცდომა იყო.
   ჯალალ-ოღლიდან ფოილომდე არსებული ძალების უკეთ განლაგების შემთხვევაში შესაძლებელი იყო წარმატებული თავდაცვითი ბრძოლის წარმოება.
საინტერესოა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. 1921 წლის იანვრის დასაწყისში ბაქოდან თბილისში ჩამოვიდა საქართველოს წარმომადგენელი აზერბაიჯანში გაბრიელ (გაბო) ხუნდაძე, რომელმაც მთავრობას მოახსენა, რომ `ბაქოში დამთავრდა მე-11 არმიის შედგენა, რომლის მიზანია საქართველოს მიმართ ოპერაციების დაწყება~ . ნოე ჟორდანიამ როგორც ჩანს ყოველივე ეს დეზინფორმაციად ჩათვალა. ცხადია ერთი რამ, ქვეყანა მტრის მოსაგერიებლად მზად არ აღმოჩნდა

0 коммент.: